რამდენად შეიცვალა მსოფლიო? გავლენა ქართულ პოლიტიკაზე

მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა და სხვა მნიშვნელოვანმა მოვლენებმა, როგორიცაა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი და ამერიკის ადმინისტრაციის ცვლილება, ზოგიერთი ანალიტიკოსი საერთაშორისო ურთიერთობების „პარადიგმის ცვლაზე“ და „ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის რღვევაზე“ აალაპარაკა. მართლაც, დღეს მსოფლიო წესრიგიც და საქართველოს უსაფრთხოების ვითარებაც წინა წელთან შედარებით არასტაბილური, გაურკვეველი და ნაკლებ პროგნოზირებადია. თუმცა დაკვირვებული ანალიზი გვიჩვენებს, რომ გლობალურ და რეგიონულ პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებები ასე შორს მიმავალ განზოგადებებს ჯერჯერობით არ იმსახურებს. 
საქართველოს უსაფრთხოების სისტემისთვის განსაკუთრებით ყურადსაღებია რუსეთისა და დასავლეთის (აშშ, ევროკავშირი, წამყვანი ევროპული ქვეყნები) ურთიერთობაში არსებული ტენდენციები, შიდაპოლიტიკური მოვლენები რუსეთსა და უკრაინაში, რომლებზეც უარყოფითად აისახა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ასევე თურქეთის მცდელობა, პოლიტიკური გავლენა გაზარდოს კავკასიაში. მომავალი, განსაკუთრებით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამწვავების შემთხვევაში, შესაძლოა სიტუაციის უფრო მეტ დესტაბილიზაციას გვიქადდეს, მაგრამ ამ ეტაპზე საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური მახასიათებლები მაინც არ შეცვლილა. 
შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია ძირფესვიან გადახედვას არ საჭიროებს, თუმცა დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი შესწორება დგას. მათ შორის: 
o პრიორიტეტი მიენიჭოს გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური მიზნების ჩამოყალიბებასა და ამ მიზნებისკენ მიმავალი კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრას, სანამ ვერ ხერხდება საქართველოს უსაფრთხოებისთვის ყველაზე მწვავე საკითხების სწრაფად მოგვარება. 
o  მოიძებნოს დამაბალანსებელი ურთიერთობაა ნატო-სა და ევროკავშირთან, ასევე, აშშ-სთან და ევროპულ ქვეყნებთან. 
o  პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭოს შიდა დემოკრატიულ რეფორმებსა და მიღწეულ იქნეს შიდაპოლიტიკური კონკურენციისთვის სტაბილური გარემო. 
o მართალია, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას საქართველოს უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, უნდა მოხდეს იმის აღიარება, რომ ეს მიზანი ვერ მიიღწევა, თუ უცვლელი დარჩა რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკური პრიორიტეტები. 
o გამოყენებული უნდა იქნეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და დიალოგის ყველა შესაძლებლობა. ამასთან, საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ასეთი ქმედება მოკლევადიან პერსპექტივაში დიდ პოლიტიკურ დივიდენდებს არ მოიტანს.


პოლიტიკის ანგარიშის სრული ვერსია

სრული სახელი:
ელ–ფოსტა:
კომენტარი
CAPTCHA Image  
 
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია