2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ: რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები
თარიღი: სექტემბერი, 2008
სახელწოდება: 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ: რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები
ავტორი: CIPDD-ს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის, ბთკკ - პოლიტიკის კვლევის ჯგუფის და დამოუკიდებელი ექსპერტები
პროექტი: ინსტიტუციური მხარდაჭერა 2007/08, ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSI TTF)
ენა: ქართული, ინგლისური
გვერდი: 59 (ქართული), 53 (ინგლისური)
© CIPDD
შესავალი
კავკასიური ინსტიტუტის ახალი გამოცემა მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს აგვისტოს ომის მიზეზებისა და შედეგების გარშემო დაწყებულ დისკუსიაში. მით უფრო, რომ საკუთრივ საქართველოში ამ საკითხებზე მსჯელობა მხოლოდ ახლა დაიწყო. ჩვენი მიზანი იყო რუსულ-ქართული ომის ანალიზის პირველი ქართული პროდუქტი შეგვექმნა, რაც დაეხმარება როგორც საერთაშორისო, ისე შიდაქართულ დისკუსიას. კავკასიური ინსტიტუტის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განსაზღვრა შესასწავლი საკითხები და კვლევის ფორმატი. დროის სიმცირის გამო კვლევის მთავარ მეთოდად სანფორმაციო დაიჯესტების გზით მოპოვებული პირველადი წყაროების ანალიზი გამოვიყენეთ, თუმცა, შეძლებისდაგვარად შევეცადეთ, ორიგინალური ინტერვიუები და აკადემიური კვლევის შედეგებიც გაგვეთვალისწინებინა.
ანალიზი შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: პოლიტიკის ანალიზი, ეკონომიკის ანალიზი და გარემოსდაცვითი ანალიზი.
პოლიტიკური ნაწილი მიმოიხილავს ომის წინა პერიოდში საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებულ მოვლენებსა და კონფლიქტში ჩართული ქვეყნების იმ შიდაპოლიტიკურ პროცესებს, რაც აგვისტოს ომის მთავარი განმსაზღვრელი აღმოჩნდა. გაანალიზებულია ომის შესაძლო შედეგები საქართველოსთვის, ასევე რეგიონის ქვეყნებისათვის (განსაკუთრებით, დსთ-ის ფარგლებში) და საერთაშორისო წესრიგისთვის. თავის ბოლოს მოცემულია მთავარი რეკომენდაციები.
ანალიზის ეკონომიკური ნაწილი მიმოიხილავს იმ ზარალს, რომელიც მიზანმიმართული მოქმედების შედეგად მიადგა როგორც ქვეყნის ინფრასტრუქტურას, ისე ქვეყნის იმიჯსა და ეკონომიკურ სანდოობას. დარგების მიხედვით გაანალიზებულია შესაძლო პირდაპირი და ირიბი ზარალი. თავის ბოლოს მოცემულია მთავარი რეკომენდაციები.
გარემოსდაცვითი ნაწილი დაემატა კვლევას რუსეთის სამხედრო ძალების მიერ საქართველოს ეკოსისტემისათვის მიყენებული ზიანის მასშტაბების გამო. ტყეებში გაჩენილი ხანძარი, ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი და სხვ. რუსეთის სამხედრო ძალების წინასწარგანზრახულ ქმედებათა შედეგია და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. სამართლებრივი ანალიზის გარდა, კვლევაში აღწერილია გარემოსთვის მიყენებული ზიანი, მისი შესაძლო შედეგები როგორც გარემოს დაცვის, ისე სოციალურ-ეკონომიკური კუთხით. თავის ბოლოს მოცემულია მთავარი რეკომენდაციები.
კვლევას ბოლოს თან ერთვის მოვლენათა ქრონოლოგია, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იძაბებოდა ვითარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 2008 წლის თებერვლიდან, მას მერე, რაც მოსკოვმა კოსოვოს დამოუკიდებლობის თემით მანიპულირება დაიწყო. ამ ქრონოლოგიას ასეც დავარქვით ‘კოსოვოდან ომამდე’.
ანალიზს თან ერთვის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრისა და ეკოსისტემისთვის მიყენებული ზიანის ამსახველი რუკები.
უკან დაბრუნება..